რუსა მაჩაიძე

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, ტრადიციულად, წინასააარჩევნოდ, პოლიტიკური სპეკულაციის საბაბი ხდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთ, 38 სახელმწიფოში, 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა და მათ შორის, ორი - საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურეთათვის. აღნიშნულ უბნებზე, ჯამში, 66 217 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა არჩევნებში ხმა, მხოლოდ 12 247-მა მისცა.

28 ნოემბერს, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას პარტიებმა კამპანია დააანონსეს სახელწოდებით - „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, საარჩევნო უბნების გახსნა ყველა იმ ქალაქში მოითხოვონ, სადაც ქვეყნის საკონსულო არ ფუნქციონირებს. 19 დეკემბერს, მათ საგანგებო გრიფინგიც გამართეს და განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ, 42 ქალაქში, საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, სამ ქალაქში კი, პროცესი უკვე დასრულდა. აღნიშნულ მოთხოვნას, ცესკო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი ინიციატივები იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამის პროცედურას არ ითვალისწინებს.

რას ითვალისწინებს კანონი?

საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არჩევნებში მონაწილეობა, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. საარჩევნო დღეს საზღვარგარეთ მყოფებს კი, ამ უფლების რეალიზებისთვის დამატებითი რეგისტრაცია სჭირდებათ. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ საზღვარგარეთ უბნები საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით უნდა გაიხსნას. ანუ, საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც საკონსულო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, რეგისტრაციას საკონსულოებში გადიან, შემდეგ კი, სიები ცესკოს გადაეცემა. თავის მხრივ, ცესკომ უნდა უზრუნველყოს უბნების გახსნა იქ, სადაც 50-ზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდება. 3000-ზე მეტი მოქალაქის რეგისტრაციის შემთხვევაში კი, ორი უბანი იხსნება და ა.შ.

„ამომრჩევლებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და საკონსულოსა თუ საელჩოებში საარჩევნო რეგისტრაციას გაივლიან, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. ამ მხრივ, შეფერხება არ იქნება. თუ მოქალაქემ, საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიაში ჩასმის მოთხოვნით წერილობით მიმართა, მსგავსი შემთხვევები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. კანონის თანახმად, საარჩევნო უბნები ერთი თვით ადრე იმის მიხედვით იქმნება, რამდენი მოქალაქეა იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე ან რამდენი გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას. თუ შესაბამისი წინაპირობა იქნება და ამ ინფორმაციას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვაწოდებს, რა თქმა უნდა, უბნების შექნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ვიღებთ,“ -აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ცესკო-ს სპიკერი, ნათია იოსელიანი.

ემიგრანტების საარჩევნო პრობლემები

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მსურვებ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი რეგისტრაციის გავლა უწევთ. ეს კი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საზღვარგარეთ მყოფთათვის საკმაოდ პრობლემურია, რადგან ემიგრანტების ნაწილს დეპორტაციის შიში აქვს. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საარჩევნო უბნების სიმცირესაც ასახელებენ. ანუ, იმის გამო, რომ უბნები, ძირითადად, საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში იხსნება, შორ დისტანციაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ვერც რეგისტრაციას და ვერც ხმის მიცემას ახერხებენ.

„აქ ბევრი პრობლემაა და ემიგრანტებთან შესაბამისი კომუნიკაციაც გვქონდა. როდესაც მცირე რაოდენობის საარჩევნო უბანი იქმნება, ამომრჩევლები, ხშირად, შორ მანძილზე გადაადგილების პრობლემას აწყდებიან. ზოგს, შესაძლოა, ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა დასჭირდეს, ეს კი დიდ დროსა და შესაბამის ფინანსებს მოითხოვს. ამიტომაც, მუდმივად აქტუალურია შეკითხვა - რატომ არ იხსნება მეტი საარჩევნო უბანი? სახელმწიფო გვპასუხობს, რომ ემიგრანტების მოთხოვნას პასუხობენ და საარჩევნო უბნები, ძირითადად, იმ ქალაქებში იხსნება, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაა. ცესკოს პოზიციაა, რომ ამ მხრივ შეზღუდულნი არიან, რადგან საზღვარგარეთის ქვეყნებს განსხვავებული კანონმდებლობა აქვთ და უბნების გახსნა უჭირთ. შედეგად კი, ცალსახაა, რომ საკმარისი უბნები არ იხსნება და სადაც იხსნება, საბოლოოდ, მაღალი აქტივობა არ ფიქსირდება ხოლმე. ემიგრანტთა ნაწილისთვის, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ გათვალისწინებულ პროცედურებზე შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ. მაგალითად, არ იციან, რომ საკონსულოს უნდა მიმართონ და საარჩევნო რეგისტრაცია გაიარონ. ზოგს,  საზღვარგარეთ არალეგალურად ყოფნის გამო, ჰგონია, რომ თუ საკონსულოში მივა და არჩევნებზე ხმას მისცემს, შესაძლოა, დეპორტაცია დაემუქროს, თუმცა, მსგავსი საკითები საკონსულოებს არ ეხებათ. ყველა ეს საკითხი რომ დავაჯგუფოთ, ერთი მხრივ, საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბანი არ იხსნება და ვისაც მონაწილეობის მიღება უნდა, ის ხმის მიცემას ტექნიკური დეტალების გათვალისწინებით ვერ ახერხებს. მითუმეტეს, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რეგისტრაციისთვის, საკმაოდ მცირე დრო აქვთ. ამიტომ რეგისტრაციის დრო უნდა გაიზარდოს და რაც მთავარია, ემიგრანტებს, რეგისტრაციის საკითხზე ინფორმაცია, მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ,“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილი.

პრობლემის მოგვარების შესაძლებლობები

ბოლო წლებში, ასევე პერიოდულად აქტიურდება, ხმის მიცემისას ონლაინსაშუალებების გამოყენება, თუმცა, ამ მეთოდს, სპეციალისტები, ჯერჯერობით, სანდოდ არ მიიჩნევენ. როგორც ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში, "შედეგების ნდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება".

„თეორიულად, ალტერნატიული გზებიც არსებობს, მაგალითად, ინტერნეტით ან ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემა, მაგრამ რისკი მაღალია, რამდენად სწორად დაითვლება შედეგები. ამ შემთხვევაში, ნდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგალითად, ხმა თუ ნიუ-იორკში მივეცი, საარჩევნო ხმა ნამდვილად ჩემს მიერ არჩეულ პარტიას აესახება?! საერთოდ, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მაღალი არ არის, მსგავსი სისტემების შემოღება, რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ახლა ცესკო მეტი უბნის გახსნაზე უნდა იყოს ორიენტირებული. საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, რეალურად ეს სტატისტიკაც არ არსებობს. ამ ინფორმაციის შეგროვებაც აუცილებელია,“ - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

რას აპირებს ცესკო?

„ინფორმირებულობა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება, როგორც წინა ნებისმიერი არჩევნების დროს. საარჩევნო ადმინისტრაციას  სამოქმედო გეგმა აქვს, რომელშიც ძალიან ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა გაწერილი, როგორც ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის, ასევე,  სოციალური ქსელების მეშვეობით. იმასაც შეგახსენებთ, რომ როგორც წინა არჩევნებისას, ახლაც, საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებისთვის, ცესკოს ხელმძღვანელების ონლაინ-ჩართვები გვაქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, მოვამზადებთ ვიდეორგოლებს. ბევრი სხვა საშუალებაც იქნება გათვალისწინებული, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ და იაქტიურონ. სწორედ ეს მოგვცემს სამართლებრივ საფუძველს, რომ საარჩევნო უბნები შევქმნათ. ასე რომ, ამ საკითხზე წუხილი, ჯერჯერობით, ნაადრევია, ყველაფერს თავისი ვადები და პროცედურა გააჩნია,“ - ამბობს ცესკოს სპიკერი.

რაც შეეხება მოკვლევის წინასწარ ჩატარებასა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს, ცესკო-ს სპიკერი, ნათია იოსელიანი განმარტავს: „როგორც იცით, ცესკო, ამომრჩეველთა სიას, სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაწვდის. ამ კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტრო რა სამუშაოებს ჩაატარებს, ჩვენ არ ვიცით“.

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *