31 ევროპარლამენტარი საგანგებო წერილით მიმართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს და სტატუსის შეჩერებასთან ერთად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გადახედვასაც ითხოვს. ამის მიზეზი არის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის მიღებას ივანიშვილის პარტია საზოგაოდების წინააღმდეგობისა და პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად ითხოვს. 

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე არადემოკრატიულმა ქმედებებმა, კერძოდ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო, როდესაც საქართველოს ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა და, რაც არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ.

მოგიწოდებთ, დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.

პირველი, საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის ვალდებულებებს. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში ყოველგვარი შემდგომი პროგრესის გარეშე. მეორე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება უნდა გადაიხედოს. მესამე, შემდგომი გადავადების გარეშე უნდა შეფასდეს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს პროგრესი”, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

როგორც წერილშია აღნიშნული, ბოლო წლებში ისინი დაუღალავად მუშაობდნენ ქართველი ხალხისა და ევროკავშირში გაწევრიანების მათი მისწრაფებების მხარდასაჭერად.

„ჩვენ ვრჩებით მზად, გავაკეთოთ ეს, თუმცა დემოკრატიული კრიტერიუმი ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის არის ერთნაირი და უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, სანდრა კლიენტე, მიხაელ გალერი და კიდევ 25 ევროდეპუტატი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *