თბილისში სულ რამდენიმე ადგილია, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მთაწმინდაზე აღმართული ფოლადისა და შუშის სასახლე არ ჩანს. მაგრამ, განსხვავებით მისი შთამბეჭდავი ქონებისგან, საქართველოს უმდიდრესი და ძლევამოსილი ადამიანი საჯაროდ იშვიათად ჩნდება. 2012-13 წლებში ის პრემიერ-მინისტრი იყო, მას შემდეგ კი ეს ოლიგარქი (რომლის ქონება 5 მილიარდი დოლარია, რაც მისი ქვეყნის მშპ-ს ერთ მესამედს შეადგენს) დიდწილად კულისებიდან მართავს მოვლენებს.

თუმცა, გასულ კვირას ის მთიდან ჩამოვიდა, რათა წარმოეთქვა კონსპირაციული, ანტიდასავლური სიტყვა, რომელშიც საქართველო წარმოადგინა, როგორც „გლობალური ომის პარტიის“ მსხვერპლი, სოლო მისი სავარაუდო აგენტები სამოქალაქო უფლებების დამცველ ჯგუფებს შორის დაინახა.

მისი იშვიათი მიმართვა პრო-სამთავრობო მიტინგზე იყო მხარდაჭერის დემონსტრირება უაღრესად საკამათო „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ მიმართ, რომელიც პარლამენტში მისმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.

კანონი მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისგან, რომლებსაც აქვთ უცხოური დაფინანსება, დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმდებიან.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონპროექტის შთაგონების წყარო რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ანალოგიური კანონია და ის გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

კანონპროექტმა ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი დემონსტრაციები გამოიწვია, რადგან ბევრი ქართველი შიშობს, რომ მისი მიღება საფრთხეს შეუქმნის მათ იმედებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

საქართველოს მთავრობის დაახლოება მოსკოვთან სამი წელია მიმდინარეობს, მიუხედავად უკრაინაში დაწყებული ომისა. მაგრამ ანალიტიკოსები და მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ უცხოური აგენტების კანონი და ივანიშვილის გამოსვლა, რომელშიც ის კრემლის ხაზებს ეხმიანებოდა, გარდამტეხ მომენტს აღნიშნავს და რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ახლა ისევ რუსეთის ორბიტისკენ მიდის.

ივანიშვილმა მდიდარ ადამიანად ჩამოყალიბების წლები რუსეთში გაატარა, ისევე როგორც სხვა ოლიგარქებმა, რომლებმაც საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო აქტივები პრივატიზაციით შეიძინეს. 1980-იან წლებში მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას მან რუსეთისა და ისრაელის მოქალაქე ვიტალი მალკინთან ერთად დაიწყო ვაჭრობა კომპიუტერებითა და ტელეფონებით ჰონგ კონგიდან. შემდეგ ისინი საბანკო და ლითონების სფეროში გადავიდნენ. ქართველი ოლიგარქი ე.წ. „სემიბანკირშინას“ ნაწილია, რაც გავლენიანი რუსი ფინანსისტებისა და ბიზნესმენების ჯგუფია, რომელშიც ასევე შედიოდნენ ბორის ბერეზოვსკი, მიხაილ ხოდორკოვსკი და მიხაილ ფრიდმანი. სწორედ ისინი დაეხმარნენ ბორის ელცინს რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევაში 1996 წელს.

2003 წელს ივანიშვილი რუსეთიდან მშობლიურ სოფელ ჭორვილაში დაბრუნდა. ის პოლიტიკის მიღმა რჩებოდა 2011 წლამდე, სანამ არ დააარსა „ქართული ოცნება“, რომელიც სათავეში ჩაუდგა ყველა იმ ძალის კოალიციას, რომელიც იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეწინააღმდეგებოდა. მომდევნო წელს კი პარტიამ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რაც წარმოადგენს ხელისუფლების პირველ მშვიდობიან ცვლილებას თანამედროვე საქართველოში.

პრეზიდენტობის პერიოდში სააკაშვილმა წარმატებული, თუმცა მტკივნეული ეკონომიკური რეფორმები გაატარა. მისმა მცდელობებმა, საქართველო რუსეთის ორბიტიდან ევროკავშირისა და ნატოსკენ გადაეყვანა, გამოიწვია რუსეთის შეჭრა და საქართველოს ორი სასაზღვრო რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს.

ამავე დროს, სააკაშვილი სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საპირიაპირო აზრს ახშობდა.

ივანიშვილი დასავლეთის ლოცვა-კურთხევით ცდილობდა მოსკოვთან ურთიერთობების სტაბილიზაციას და ამავდროულად საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას ანიჭებდა პრიორიტეტს. მაგრამ დაბალანსება შეუძლებელი გახდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის  მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ერთი თეორია არის ის, რომ, როგორც ბევრი რუსი ოლიგარქის შემთხვევაში, მის ბიზნეს ინტერესებს საფრთხე დაემუქრება, თუ ის კრემლის ხაზს არ გაჰყვება. კიდევ ერთი შესაძლო ახსნა არის ის, რომ ის რეაგირებს ევროკავშირის მოთხოვნაზე, რომ საქართველომ მკვეთრად შეზღუდოს ოლიგარქების გავლენა, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ივანიშვილი ახლა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა, რაც სპეციალურად მისთვის შექმნილი თანამდებობაა, რადგან მას არ აქვს ოფიციალური ან პარტიული როლი. თუმცა, აქვს გადამწყვეტი უფლება, წარადგინოს პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები.

მისი პირადი დაცვა ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროა, მისი კომპანიების ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელები დაზვერვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სათავეში დაინიშნენ, ხოლო განათლების ყოფილი მინისტრი ოდესღაც მისი შვილების მათემატიკის მასწავლებელი იყო.

კიდევ ერთი ახსნა მისი რუსეთისკენ გადახრისა არის ის, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ივანიშვილი იყენებს უნგრელი ვიქტორ ორბანის ტაქტიკას - ახდენს პოლიტიკური დებატების პოლარიზაციას, შიდა ოპონენტებს უცხოეთის აგენტებად აცხადებს და იყენებს კულტურულ საკითხებს, რათა სოციალურად კონსერვატიული ქართველების, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებთა გული მოიგოს.

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა გაიმეორა, რომ საქართველოს მიზანიჯერ კიდევ არის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ბრიუსელი აფრთხილებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდი კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს წევრობის პერსპექტივებს. ვაშინგტონში დაფუძნებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ქართველების 89 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. აპრილის დასაწყისიდან თბილისის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რასაც პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით იყვნენ გამოსულნი და კანონს, ისევე როგორც ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას აპროტესტებდნენ.

ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *