ქართველმა მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ძალაა, ორშაბათის საჯარო გამოსვლაში ფაქტობრივად მოუ გამოუცხადა აშშ-ისა და ევროპის დახმარებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. დასავლეთის მთავრობები, წესით, აღშოფთებულები უნდა იყვნენ და ამას არაორაზროვნად უნდა უპასუხონ.

წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არალიბერალური ნაბიჯები საკმარისად დაგროვდა, მაგრამ მთავარი გამომწვევი მიზეზი, რომელმაც 100 000-ზე მეტი ქართველი გამოიყვანა ქუცებში, იყო მმართველი პარტიის შემოთავაზებული კანონი „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ცნობილი კანონის მსგავსად, ის აიძულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დახმარებას ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან იღებენ, უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამოკითხვით ქართველების თითქმის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, საქართველოს მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, სესხულობს იმ რიტორიკასა და საკანონმდებლო ინსტრუმენტებს, რომლებიც ძირითადად პუტინის რუსეთს ახასიათებს. დასავლეთი უნდა დადგეს ქართველების ამ 80 პროცენტის გვერდით და სანქციები დაუწესოს მათ, ვისაც ქვეყანას არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

ივანიშვილმა საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ პირობა დადო, რომ გაანადგურებს ოპოზიციურ პარტიებსა და მთავრობის კრიტიკოსებსაც დასჯის, რითაც საბოლოოდ თქვა უარი პლურალისტური, დასავლეთისკენ ორიენტირებული სისტემის აშენების მცდელობაზე.

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსები, რათა დავიწყოთ ჩვენი სუვერენიტეტის სრული კონსოლიდაცია“, - განაცხადა ივანიშვილმა. „ზუსტად ამას ემსახურება კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოვუტანოთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ისეთი მკაცრი პოლიტიკური და იურიდიული განაჩენი, რომელსაც ის იმსახურებს სისხლიანი მმართველობის ცხრა წლისა და ოპოზიციაში გატარებული 12 წლის განმავლობაში „დესტრუქციული ქმედებების“ გამო“.

ივანიშვილმა გააკრიტიკა დასავლეთიც, რომელსაც „გლობალური ომის პარტია“ უწოდა. მან ის დაადანაშაულა „საქართველოს მოძულე უსამშობლო ფსევდოელიტის“ დაფინანსებაში და ბრალი დასდო, რომ მისი მიზანი „არაადამიანური და სადისტური დიქტატურის“ დაბრუნებაა. „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა პირებმა უპრეცედენტო რიტორიკული თავდასხმები დაიწყეს ამერიკისა და ევროკავშირის სხვადასხვა ელჩებზე და მტკივნეული საყურებელია, რომ ევროპის დედაქალაქებიდან თბილისში მყოფი დიპლომატების მხარდაჭერა ვერ ვიხილეთ. პუტინი ალბათ ძალიან ამაყობს.

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია საბოლოო წევრობისკენ. როგორც ირკვევა, ივანიშვილი დინამდვილეში ემხრობოდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას, რათა შემდეგ ევროპისთვის დაებრალებინა, რომ საქართველოს რუსეთთან დაახლოების გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

ევროკავშირის ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ მან მალევე გამოაცხადა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში არასოდეს წასულა და ჩრდილიდან მართავდა პროცესებს. მან შეცვალა პრემიერ-მინისტრი და დააწინაურა ირაკლი კობახიძე, რომლის მთავარი ამოცანა ივანიშვილის ბრძანებების უსიტყვო შესრულებაა. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წამოიწყეს საზიზღარი კამპანია ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ, ისევ გამოიყენეს კრემლის სახელმძღვანელო, შემდეგ კი პარლამენტში შეიტანეს არაპოპულარული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დასავლელი აპოლოგეტებისთვის გამართლება აღარ არსებობს. ივანიშვილმა აიღო პირადი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მომავალში მოხდება: „პრინციპულად და თავდადებულად გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრული აღდგენისთვის“, - განაცხადა მან 29 აპრილის გამოსვლაში, რითაც გაგვიადვილა დამნაშავის იდენტიფიცირება, როდესაც საქმე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მიდგება.

დასავლეთის მთავრობებს არ აქვთ დასაკარგი დრო, თუ მათ მართლა სურთ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტის კანონად ქცევის თავიდან აცილება. ივანიშვილისა და კობახიძის მიზანში ამოღების გარდა გარდა, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილონ ყველა ქართველი პარლამენტარი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერა მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს.

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გასული სამი ათწლეულის განმავლობაში 6 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება გაუწია და ამ ქვეყანაში აქვს დიდი გავლენა, რომლის განხორციელებაც ბოლო წლებში დიდწილად ვერ შეძლო. უკრაინაში და ახლახან ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციებით შეშფოთებულმა შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ ყურადღება მოადუნეს და პუტინის მსგავსი ქცევების წინააღმდეგ ქმედებების ნაკლებობამ ვითარების კრიტიკულ წერტილამდე მისვლას შეუწყო ხელი. ჯორჯ ბუში უმცროსი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ეწვია და ქვეყანა კვლავაც დიდ ინტერესს წარმოადგენს „ბუშის ინსტიტუტისთვის“, მათ შორის ყოველწლიურ კონფერენციაზე პარტნიორობით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მკაცრი განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონის შესახებ საკმარისად სასარგებლო იყო, მაგრამ „ქართულმა ოცნება“, მიუხედავად ბევრი ასეთი განცხადებისა, უკან დახევას არ აპირებს. ამიტომ, სიტყვებს ქმედებები უნდა მოჰყვეს. დასავლური მთავრობები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ზედმეტად პასიურები იყვნენ სანამ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არადემოკრატიული მიმართულებით მიჰყავდა რუსეთისკენ.

შედეგად, უნდა დაწესდეს რეალური სანქციები. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მუქარისა და ძალადობის გამოყენებაში მათ მიმართ, ვისაც სურს საქართველო შეუერთდეს დემოკრატიულ დასავლეთს. მათ უნდა დაიწყონ ოლიგარქ ივანიშვილით, რომელიც ცდილობს ძალაუფლების ყველა სადავეების ხელში ჩაგდებას და ქართველი ხალხის მისწრაფებების ჩაშლას. ამის გაკეთება შეიძლება იყოს ერთადერთი გზა, რათა შეჩერდეს ქვეყნის სწრაფი სვლა ავტორიტარული რეჟიმისკენ, რომელიც პუტინის რუსეთის მოდელით არის შექმნილი.

ივანიშვილი დასავლეთს ბრძოლას უცხადებს. უპასუხეთ მას დაუყოვნებლივ, სანამ დასმულა შეკითხვა: „ვინ დაკარგა საქართველო?“

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *