თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი განცხადებას ავრცელებს. ვოლკერ ტურკი შეშფოთებას გამოთქვამს დემონსტრანტების წინააღმდეგ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყს აკერებს.
 
 
„საქართველოს დედაქალაქ თბილისში ამ კვირაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები მაშფოთებს.
 
ამ კვირაში ათასობით ქართველი აპროტესტებს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი და დაიცვას მათი უფლება გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესახებ. ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო გამოსვლების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა, როდესაც საფრთხეა მოსალოდნელი.
 
მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩაატაროს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება საპროტესტო აქციების დროს ან მის შემდეგ, ასევე დაკავების პროცესში არასათანადო მოპყრობის შესახებ. ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უნდა მოიხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიც.
 
მე ასევე მოვუწოდებ მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, ისარგებლონ თავიანთი უფლებებით მშვიდობიანად და არ მიმართონ ძალადობას.
 
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებთან. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების, რომლებსაც უცხოეთიდან ფინანსები შემოსდით, "უცხოურო ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად" მონათვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“, - წერს ვოლკერ ტურკი.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *