ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ამ კანონს ამერიკულ და ევროპულ კანონმდებლობებთან საერთო არაფერი აქვს. 

"ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობაზე ლეგიტიმური ზრუნვა არ უნდა იქცეს საბაბად, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადობის ორგანიზაციების სტიგმატიზება და მათთვის სივრცის შეზღუდვა. სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მარტივად რომ ვთქვა, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული და არც ამერიკული კანონი და ამის შესახებ ამერიკის ელჩმაც ისაუბრა. მე მესმის, რომ შეიძლება იყოს ზრუნვა გამჭვირვალობაზე და ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეზღუდვის ხარჯზე, რადგან ისინი ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

რუსულ კანონზე განცხადება გააკეთა გერმანიის ელჩმაც და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესა და კანცლერ შოლცს შორის ხვალინდელი შეხვედრისას საუბარი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს შეეხება. პეტერ ფიშერი მიიჩნევს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირში მირებულ პრაქტიკას და ის საქართველოს ზიანს მოუტანს. 

"პრემიერმინისტრი ხვალ გაემგზავრება გერმანიაში, სადაც შეხვდება კანცლერ შოლცს. გერმანია გამოთქვამს შეშფოთებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან ის არ შეესაბამება ევროკავშირში მიღებულ პრაქტიკას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს. ეს აუცილებლად იქნება საუბრის თემა პრემიერ კობახიძესა და კანცლერ შოლცს შორის", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *